საკუთარი დის ქმარი რესტორანში მიიყვანა, ყური მოაჭრა, ვიდეოზე გადაიღო

08 November 2018, Thursday
1 989
0
loading...



მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ე.წ. «ქურდულ სამყაროს» დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა, თითქოს ამ მიმართულებით სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა ეს ერთი შეხედვით. ნაციონალების რამდენიმე ლიდერს კანონიერ ქურდებთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდა და ცნობილია, რომ მათ არჩევნებისთვისაც კი იყენებდნენ ხოლმე. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, წესით, მიდგომა არ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კანონიერი ქურდები შემოვიდნენ და ქვეყანა ისე დატოვეს, სამართალდამცველებს ბუზიც არ აუფრენიათ. ის, რომ კანონიერ ქურდებს დღევანდელი ხელისუფლება შედარებით ლოიალურად ექცევა, ფაქტია და არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ამ ამბავს შინაგან საქმეთა მინისტრიც გადაჰყვეს. გუნდის წევრები მას საქართველოში აზერბაიჯანელი კრიმინალების გააქტიურებაში ადანაშაულებენ და ამის საფუძველიც აქვთ...

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანელი კრიმინალებისთვის საქართველო არათუ თავშესაფარი, არამედ სათარეშო ადგილიც გახდა. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომ ქართველ ბიზნესმენებს ფულს სწორედ აზერბაიჯანელი კრიმინალები ძალავენ და ეს მაშინ, როცა ამის გაკეთებას ქართველი დამნაშავეებიც კი ერიდებიან. პარალელურად, საქართველოში საკუთარი ინტერესები აქვს როგორც აზერბაიჯანის, ისე თურქეთის ხელისუფლებას და თუ თურქეთს დიდი ხანია თვალი აჭარაზე აქვს დადგმული, აზერბაიჯანმა ქვემო ქართლის სრულად ათვისება დაიწყო. აზერბაიჯანული ინვესტიციები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გარდა, რუსთავსა და თბილისშიც მრავლად ჩაიდო და დედაქალაქში არის ადგილები, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანელები დადიან. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბის კომპანია «სოკარს», ის აზერბაიჯანულ დიასპორას პატრონობს და ყველაფერში ხელს უწყობს. გარდა იმისა, რომ «სოკარი» აზერბაიჯანელ სტუდენტებს სწავლას უფინანსებს, შეფობა აზერბაიჯანული კულტურის ცენტრებზეც აქვს აღებული და მათ გარემონტება-განახლებას ახორციელებს, თუმცა... თითქმის ერთი თვეა, რაც 23-წლიანი პატიმრობის შემდეგ, აზერბაიჯანის ციხიდან ნადირ სალიფოვი გათავისუფლდა. კანონიერი ქურდი სალიფოვი, მეტსახელად «გული», დმანისის მკვიდრია და სალიფოვების დაჯგუფება დმანისში ძალიან მძლავრია. მართალია, ხელისუფლებამ ამას წინათ დაჯგუფების 13 წევრი დააკავა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა გავლენაც სალიფოვს ქვემო ქართლზე აქვს. აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა და მუნიციპალურ ცენტრებში, სალიფოვის სახელის ხსენება სამართებელივით ჭრის. საინტერესოა, რომ სალიფოვმა განთავისუფლების შემდეგ პირველი, რაც გააკეთა, მამისა და ელშან მამედოვის საფლავები მოინახულა. მამედოვი ის კაცია, ვინც თბილისში, პურის სახლთან, ავტომობილში ჩაცხრილეს. სხვათა შორის, ეს მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე საინტერესო დეტალები არ გაუხმაურებია. მხოლოდ ტელევიზიებმა გადმოსცეს სავარაუდო ვერსია იმის შესახებ, რომ მამედოვი შესაძლოა, რაფიკ ეივაზოვმა მოაკვლევინა. თავის მხრივ, ეივაზოვი ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენია, რუსეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში უდიდეს კაპიტალს ფლობს და როგორც ამბობენ, სწორედ ის ინახავდა ციხეში მყოფ სალიფოვსა და მის ოჯახს. სანაცვლოდ, სალიფოვმა თავის მარჯვენა ხელად ელშან მამედოვი დაასახელა და სამაგიეროდ იმიტომ, რომ მამედოვი და ეივაზოვი სიძე-ცოლისძმა არიან.

მას შემდეგ, რაც ეივაზოვმა «გულის» შენახვაზე უარი თქვა, გაბრაზებულმა «კანონიერმა ქურდმა» ურჩი ბიზნესმენის დასჯა მის ცოლისძმას, ელშან მამედოვს მოსთხოვა. მანაც საკუთარი დის ქმარი რესტორანში მიიყვანა, ყური მოაჭრა, ვიდეოზე გადაიღო და ციხეში «გულის» გაუგზავნა. ამის მერე დაიფიცა ეივაზოვმა, რომ მამედოვს არ აცოცხლებდა და მისი სიცოცხლეც თბილისში, ორთაჭალაში, ქილერმა დაასრულა.

იყო ვარაუდი, რომ ციხიდან განთავისუფლებული სალიფოვი საქართველოში წამოვიდოდა, ოპოზიციურმა პარტიებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითაც მიმართეს, შემოვიდა თუ არა ის ჩვენს ქვეყანაში და დმანისში, სალიფოვების სახლთან თავისი აქტივისტებიც დააყენეს, თუმცა...

«განთავისუფლებიდან მეორე დღეს «გული» თურქეთში ჩაფრინდა და იქ დაბინავდა. მისი მასპინძლობა ქართველმა «კანონიერმა ქურდმა», მინდია გორაძემ, იგივე «ლავას ოღლიმ», იკისრა და არცთუ შემთხვევით. რეალურად, შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ, კრიმინალური სამყარო ლიდერის გარეშეა დარჩენილი და ეს ლიდერი, დიდი ალბათობით, სწორედ სალიფოვი გახდება. მან კარგად იცის, რომ გარეთ ცხოვრება მარტივი არ იქნება და ამიტომ დაცვით დადის, საცხოვრებელს მუდმივად იცვლის და ყველგან ქილერები ელანდება», - გვითხრა ამ ამბებში კარგად ჩახედულმა წყარომ.

სიფრთხილის მიუხედავად, ორი კვირის წინ, თურქეთში, კონკრეტულად კი სტამბოლის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში, ხელისუფლებამ ანტიტერორისტული ოპერაციის სახელით, მასშტაბური დაპატიმრება განახორციელა. სპეცდანიშნულების რაზმმა 11 ადამიანი დააკავა, რომლებიც კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულები. თავიდან ითქვა, რომ ისინი ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ისინი იქ ნადირ სალიფოვს ელოდნენ - «გული» ოჯახთან ერთად აპირებდა ცენტრში მისვლას და ამ ინფორმაციამ მისი გარემოცვიდან გაჟონა. შეიარაღებული ადამიანების ჯგუფის დანახვისას კი პოლიციაში რიგითმა მოქალაქეებმა დარეკეს და ასე, შემთხვევით გადაარჩინეს სალიფოვი უეჭველ სიკვდილს. ამბობენ, რომ დაკავებულები ეივაზოვის დაჯგუფების წევრები არიან.

რაც შეეხება ლავას ოღლის. «გულის» მინდია გორაძე შემთხვევით არ აურჩევია. თურქეთი უკვე გახდა საქართველოდან წასული კანონიერი ქურდების თავშესაფრად და იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი საქართველოსთან ახლოსაა, ეს ძალზე ხელსაყრელია. თანაც, გორაძეს თურქეთში საქმეც ჰქონდა - როგორც ირკვევა, ციხეში მინდიას ყოფნის დროს, კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა, იგივე «ჯეირან ხონსკიმ» გორაძის მეუღლეს ტელეფონის საშუალებით საკუთარი ფოტოები გაუგზავნა ორაზროვანი მინიშნებით. გორაძის მეუღლემ ამის შესახებ ჯერ ლაშა ბარათელს უთხრა (კანონიერი ქურდი, მეტსახელად «ჭია», რომლის ქურდად კურთხევაში გორაძეც მონაწილეობდა), რომელმაც «ხონსკი» ნახა და გააფრთხილა, რომ ეს ყველაფერი მინდიას არ მოეწონებოდა. ამ დროს «ლავას ოღლი» საქართველოში იყო დაჭერილი და ყველას ეგონა, რომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით, ის მინიმუმ შვიდი წლის განმავლობაში დღის სინათლეს ვერ იხილავდა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, იმის გამო, რომ მმართველ გუნდს აჭარაში უჭირდა და გორაძის ხელი სჭირდებოდა, მინდია ციხიდან გაუშვეს და თურქეთშიც მშვიდად გადავიდა. ჩვენი ინფორმაციით, «ლავას ოღლიმ» «ჯეირან ხონსკი» ბარათელთან ერთად ნახა და სასტიკად გაუსწორდა. მართალია, საქმე დაჭრამდე არ მისულა, მაგრამ კინწურაშვილი გვარიანად არის ნაცემი.

აი, გორაძის განთავისუფლება ცალკე განხილვის თემაა. პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ გორაძემ ხელისუფლება დააშანტაჟა და აჭარაში არჩევნების მარცხით დაემუქრა. ზოგადად, აჭარის რეგიონში «ქართულ ოცნებას» უჭირს, მაგრამ ამის აღიარება არ უნდა. გორაძის გააქტიურებას კი შესაძლოა, სიტუაცია მართლა აერია და ყველაფერი კრახით დასრულებულიყო. გორაძეს ისიც უთქვამს, ჯოხს დავაყენებ ბათუმის მერობის კანდიდატად და ჯოხს მოვაგებინებო. შედეგად, ხელისუფლება დაფრთხა და... გორაძე ციხიდან ისე გაათავისუფლა, რომ მას კანონიერი ქურდობის ბრალდება არც კი წაუყენა, აქაოდა საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვსო და ეს იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტი სავსეა ვიდეოებით, რომლებშიც გორაძე აღიარებს, რომ ქურდია. არადა, სწორედ ამ ვიდეომტკიცებულებების საფუძველზე ჰყავს ხელისუფლებას თითქმის ყველა «კანონიერი ქურდი» გასამართლებული, მაგრამ «ლავას ოღლის» შემთხვევაში, ეს მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნიეს.

დღევანდელი რეალობა ასეთია - საქართველოში აზერბაიჯანელი კრიმინალები აფარებენ თავს (რუსთავსა და თბილისში), თურქეთში - ქართველები. და ერთიც, ამ თემას აუცილებლად შეეხებიან ძალიან მალე, რადგან უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან აზერბაიჯანში სამართალდამცველებმა კი არა, ხელისუფლებასთან შეთანხმებით სწორედ კრიმინალებმა გაიტაცეს.скачать dle 12.1
loading...
კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
ყველა უფლება დაცულია © 2018